Tuesday, August 26, 2014

                                                                გაბო მადლობას მიხდის

ეს იყო შარშან, საღამოთი ბავშვები თამაშობენ, მე ტელევიზორს ვუყურებ, უცებ გაბო შეშინებული მორბის, ბებო ცხვირი მტკივა, მძივი მაქვსო. ჩავხედე არაფერი ჩანდა, ეთო და გუჯი შეშინებულები დარბიან, არ მინდა ვანახო ბავშვებს, რომ მეც ძალიან შევშინდი.
- ბებო, რა დამემართება? დავიხრჩობი?!- მეკითხება ტირილით გაბო. სასწრაფოს გამოვუძახე. მათაც ვერაფერი ჰქნეს. ერთი ექიმი ნახევრადმძინარე, თუ ნახევრადმთვრალი პინცეტით აწვალებდა ბავშვს. მეორემ უთხრა დაანებე თავი, ქირურგია საჭიროვო. წავედით არამიანცში, შორი იყო ჩვენგან და ბავშვს წარა-
მარა ვაკონტროლებდი, თავი არ გადაეწია, ღრმად არ ესუნთქა და არ ჩასძინებოდა. ქირურგმა ინსტრუმენტებით მალევე ამოუღო ბავშვს უცხო სხეული და გვითხრა კიდევ კარგი არ გიწვალებიათ ძალიან ღრმად ჰქონდა საკმაო მოცულობის მძივი და შეიძლებოდა სასულეში გადაცდენოდაო. გამაცია, გამახსენდა პინცეტით როგორ ეჩალიჩებოდა ნახევრადმძინარე თუ ნახევრადმთვრალი კაცი. გაბოს ცხვირი გაუღიზიანდა სისხლი სდიოდა და ტამპონები ჩაუდეს, მაგრამ ხმას არ იღებს. შინ როცა მოვედით გაბომ ხელები მომხვია.
- ბებო ბოდიში!  არ მინდოდა, რატომ ეგდო ძირს მძივი? ყველაფერი იმის ბრალია, რომ კომპიუტერზე არ დამსვეს, მიყვარხარ! შენ გადამარჩინე, მაგარი ბებო ხარ!


No comments:

Post a Comment